შეავიწროვე, ნუ ჩაკეტავ

რუსეთის ვიწრო ყელის სტრატეგია სამეზობლოსა და შუა დერეფანში

დიდ სახელმწიფოებს სამეზობლოზე გავლენის მოსახდენად იშვიათად სჭირდებათ მისი მთლიანად გაკონტროლება. ზოგჯერ კარიბჭეების კონტროლიც საკმარისია. პოსტსაბჭოთა სივრცის გეოგრაფია რუსეთს ყოველთვის უხვად სთავაზობდა ასეთ კარიბჭეებს: მთის უღელტეხილებს, რკინიგზას, მილსადენებს, პორტებს, ელექტროქსელებს, სამხედრო ბაზებს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს და, სულ უფრო მეტად, რეგულირების სისტემებს. სტრატეგიული მიზანი ამ კარიბჭეების ჩაკეტვა ყოველთვის არ არის. მოსკოვისთვის, ხშირად, უფრო ხელსაყრელია, რომ ისინი ღია დარჩეს. ოღონდ იმდენად ღია, იმდენად დამოკიდებული და იმდენად კონტროლირებადი, რომ ალტერნატივები კვლავ ძვირი, ნელი ან პოლიტიკურად სარისკო იყოს.

ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია. მტკიცება, თითქოს რუსეთს სამხრეთ კავკასიის უბრალოდ „ჩაკეტვა“ სურს, მეტისმეტად გამარტივებულია. მოსკოვი საქართველოს გავლით ვაჭრობს და სომხეთს გაზს საქართველოს ტერიტორიის გავლით აწვდის. 2026 წელს მან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კავშირების აღდგენაც საჯაროდ განიხილა. რეალურად, ის ამ ქვეყნებს დასავლეთის სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებს. უფრო საფუძვლიანია მოსაზრება, რომ რუსეთისთვის ხელსაყრელია, სამხრეთ კავკასია საკვანძო გასასვლელად დარჩეს, რომლის საქმიანობაშიც მოსკოვი თავისი სურვილისამებრ ჩაერევა, რომელზეც გავლენას მოახდენს ან რომელსაც გვერდს აუვლის. ეს განსხვავება რუსეთის რეგიონული სტრატეგიის სხვაგვარად გააზრებას გვაიძულებს. საქმე მხოლოდ ოკუპაციას არ ეხება. მთავარი ტერიტორიის კონტროლიც კი არ არის – მთავარი არჩევანის კონტროლია.

ქვეყანა შეიძლება საკუთარ ტერიტორიაზე სუვერენიტეტს ფლობდეს, მაგრამ სტრატეგიული თავისუფლება არ ჰქონდეს. ასე ხდება, როდესაც უცხო აქტორს შეუძლია გავლენა მოახდინოს ენერგორესურსების მიწოდების მარშრუტებზე, ტვირთების გადამზიდავ რკინიგზაზე, საექსპორტო პორტებზე ან მეზობელი ქვეყნების დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურაზე.

პარადოქსულად, ქვეყნის სტრატეგიული ღირებულება სწორედ იმიტომ იზრდება, რომ მისი ჩანაცვლება რთულია, მაგრამ შემცვლელი მარშრუტების ნაკლებობა მას მოწყვლადს ხდის. დერეფანი შეიძლება კომერციულად მიმზიდველი და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა სტრატეგიულად მყიფე აღმოჩნდეს. ასე ხდება, თუ ერთ ქვეყანას ან მის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ კვანძს შეუძლია დერეფანში მოძრაობის შენელება, გადამისამართება ან მასზე წვდომის ფასის განსაზღვრა.

ევრაზიის გეოგრაფია ამის კომპლექსურ მაგალითს გვთავაზობს. ქვეყანა შეიძლება იყოს საზღვაო სახელმწიფო, სახმელეთო ხიდი, ენერგორესურსების სატრანზიტო მარშრუტი ან ჩინეთსა და ევროპას შორის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი შუა დერეფნის მთავარი კარიბჭე. შეიძლება ყველაფერს ერთადაც წარმოადგენდეს, როგორც საქართველო. პარადოქსულად, ქვეყნის სტრატეგიული ღირებულება სწორედ იმიტომ იზრდება, რომ მისი ჩანაცვლება რთულია, მაგრამ შემცვლელი მარშრუტების ნაკლებობა მას მოწყვლადს ხდის. დერეფანი შეიძლება კომერციულად მიმზიდველი და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა სტრატეგიულად მყიფე აღმოჩნდეს. ასე ხდება, თუ ერთ ქვეყანას ან მის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ კვანძს შეუძლია დერეფანში მოძრაობის შენელება, გადამისამართება ან მასზე წვდომის ფასის განსაზღვრა.

ამრიგად, რუსეთის სტრატეგიის მიზანი შეიძლება კავშირების განადგურება სულაც არ იყოს. შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს ისიც, რომ ეს კავშირები რუსეთის გავლენისგან სრულად დამოუკიდებელი ვერასოდეს გახდეს. სწორედ ეს არის ვიწრო ყელის სტრატეგიის არსი.

„იარაღად ქცეული ურთიერთდამოკიდებულებიდან“ „საკვანძო გასასვლელზე დაფუძნებულ სუვერენიტეტამდე“

თეორიული ამოსავალი წერტილია „იარაღად ქცეული ურთიერთდამოკიდებულების“ კონცეფცია, რომელიც ჰენრი ფარელმა და აბრაამ ნიუმენმა შეიმუშავეს. ისინი ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოებს, რომლებიც საერთაშორისო ქსელების ცენტრალურ კვანძებს აკონტროლებენ, ამ კვანძების გამოყენება თვალთვალისთვის ან იძულებისთვის შეუძლიათ.

შუა დერეფანი ნაწილობრივ რუსეთის ტერიტორიისთვის გვერდის ასავლელად შეიქმნა. შესაბამისად, იცვლება რუსეთის პოლიტიკაც: ადრე ის მის კონტროლქვეშ არსებულ ქსელს იყენებდა, ახლა კი ცდილობს ალტერნატიული ქსელი იმდენად არ გაძლიერდეს, რომ რუსეთს გავლენის ბერკეტები შეიცვალოს. ეს იარაღად ქცეული ურთიერთდამოკიდებულების მეორე დონის ფორმაა. ამ სტრატეგიისთვის ახალი დერეფნის ფლობა აუცილებელი არ არის. საკმარისია, დერეფანი დამოუკიდებელი ვერ გახდეს. ამ მიზნისთვის რუსეთი მის ხელთ არსებულ რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს:

შენარჩუნებული აქტივი: რუსეთი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე საკუთრებას, კონცესიას ან საოპერაციო კონტროლს ინარჩუნებს. ეს აქტივი მუდმივად ხელმისაწვდომ შესაძლებლობად იქცევა. მოსკოვს მისი განუწყვეტლივ გამოყენება არ სჭირდება. მისი ღირებულება იმაშია, რომ მოსკოვს შეუძლია წვდომა შეზღუდოს, პირობები შეცვალოს ან გასვლით დაიმუქროს.

დამოკიდებული აქტორი: რუსეთს გავლენის მოხდენა მთავრობების, პოლიტიკური ქსელების ან ტერიტორიების მეშვეობით შეუძლია. მათ დერეფნის შეფერხება რუსეთის უშუალო ჩარევის გარეშეც შეუძლიათ.

რეგულირებით შექმნილი კვანძები: ადმინისტრაციული პროცედურები შეიძლება სამხედრო ძალაზე ეფექტიანი აღმოჩნდეს. მათი გაუქმება შესაძლებელია და მათ სამართლებრივი დასაბუთებაც მოეძებნება. უსაფრთხოების ინსპექციებმა, ნებართვებმა, გარემოსდაცვითმა მოთხოვნებმა, საბაჟო პროცედურებმა და ლიცენზირებასთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაკადი შეანელოს ისე, რომ ეს იძულებად არ გამოჩნდეს.

ფიზიკური შეფერხება ომის ზღვრის გადაკვეთის გარეშე: კაბელების, მილსადენებისა თუ სხვა ინფრასტრუქტურის დაზიანებამ შეიძლება შეფერხება შექმნას მაშინაც კი, როდესაც სადავოა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.

მემკვიდრეობით მიღებული დამოკიდებულება: ქვეყანამ შეიძლება ფორმალური სუვერენიტეტი შეინარჩუნოს, მაგრამ კვლავ დამოკიდებული დარჩეს საბჭოთა ან უფრო ადრინდელი რეგიონული სისტემისგან მემკვიდრეობით მიღებულ ინფრასტრუქტურაზე.

ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი ვეტო: აუცილებელი არ არის, ხელშეკრულება ან მარეგულირებელი ჩარჩო რუსეთს პირდაპირ ანიჭებდეს ვეტოს უფლებას. თუ ინვესტორები ფიქრობენ, რომ მოსკოვს პროექტის შეფერხება შეუძლია, მათ შეიძლება რისკის საკომპენსაციოდ უფრო მაღალი უკუგება მოითხოვონ ან უბრალოდ გადაწყვიტონ, რომ პროექტის განხორციელება არ ღირს.

ყველა ამ შემთხვევას ერთი რამ აერთიანებს: ვიწრო ყელს ნაკადის შეჩერება არ სჭირდება. საკმარისია, ალტერნატივა არსებულ მდგომარეობაზე ძვირი გახადოს. ამიტომ რუსეთის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული აქტივები ზოგჯერ ბანალურია: რკინიგზის კონცესია, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია, სასაზღვრო გამშვები პუნქტი, პორტთან დამაკავშირებელი გზა ან მილსადენის ტერმინალი.

საქართველო – შუა დერეფნის ერთადერთი ძაფი

ამ სტრატეგიას ყველაზე ნათლად საქართველო წარმოაჩენს. მისი გეოგრაფია ქმნის სტრუქტურულ მოცემულობას, რომლის გამოყენებაც პოლიტიკას შეუძლია: კავშირები ერთ ძაფზეა ჩამოკიდებული.

კასპიის ზღვიდან ევროპის მიმართულებით შუა დერეფნის ძირითადი სახმელეთო მარშრუტები საქართველოზე გადის. ქვეყნის ტერიტორიაზეა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის დაახლოებით 249 კილომეტრი და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის დაახლოებით 248 კილომეტრი. საქართველოზე გადის ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაც. ლიანდაგის ერთი სიგანიდან მეორეზე გადასვლის კვანძი ახალქალაქში მდებარეობს.

ეს თანამედროვე ევრაზიული ინფრასტრუქტურისთვის უჩვეულო ვითარებას ქმნის: საერთაშორისო კავშირების მსხვილი პროექტის დასავლეთი კარიბჭე არაპროპორციულად არის დამოკიდებული ერთ შედარებით პატარა ქვეყანაზე. ჩრდილოეთის ალტერნატიული მარშრუტი რუსეთზე გადის, სამხრეთისა კი – ირანზე. ამიტომ დასავლეთის მთავრობებისთვის, რომლებსაც ორივე ამ ქვეყნისგან დამოუკიდებელი მარშრუტების განვითარება სურთ, საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო შემაერთებელი რგოლია.

სწორედ ეს ხსნის, რატომ შეიძლება შუა დერეფანი სწრაფად იზრდებოდეს და მაინც სტრატეგიულად მოწყვლადი რჩებოდეს. 2020-იანი წლების დასაწყისის ძალიან დაბალ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს გავლით ტრანზიტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. განსაკუთრებით სწრაფად მოიმატა საკონტეინერო გადაზიდვებმა. ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზეც კონტეინერების გადაზიდვის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

ამრიგად, მთავარი ის არ არის, თითქოს რუსეთს შუა დერეფნის „ჩაკეტვა“ სურდეს. არ სურს. მთავარი ის არის, რომ შუა დერეფანს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი სიმძლავრე. მისი გამტარუნარიანობა დღესაც ჩრდილოეთის რუსული მარშრუტის გამტარუნარიანობის მხოლოდ მცირე ნაწილად რჩება. ამიტომ საქართველოს მონაკვეთს სტრატეგიული მნიშვნელობა ჯერ კიდევ მანამდე აქვს, ვიდრე გადაზიდვების მოცულობით კომერციულად წამყვან პოზიციას დაიკავებს. საკვანძო გასასვლელის მნიშვნელობას მხოლოდ დღევანდელი კი არა, ხვალინდელი გადაზიდვებიც განსაზღვრავს.

კარიბჭე ვიწროვდება, რიტორიკა ფართოვდება

საქართველოს მთავრობას ქვეყანა არაერთხელ წარმოუჩენია შუა დერეფნის ცენტრალურ რგოლად. დასრულდა მსხვილი საგზაო პროექტები. აღმოსავლეთ -დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთმა ამ მიმართულებით გადაადგილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი კი საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის, როლს წარმოაჩენდა. თუმცა ინფრასტრუქტურა არათანაბრად ვითარდება. ეს წინააღმდეგობა ყველაზე თვალსაჩინო საპორტო სექტორშია.

ფოთის პორტი თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს. ამიტომ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის დაგეგმილი ღრმაწყლოვანი პორტი. მას შეუძლია საქართველოს დამატებითი საკონტეინერო სიმძლავრეები და მართლაც ღრმაწყლოვანი კარიბჭე შესძინოს. თუმცა ანაკლიის ისტორია უჩვეულოდ ჩახლართული აღმოჩნდა.

თავდაპირველ, დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედ კონსორციუმს ხელშეკრულება 2020 წელს შეუწყდა. ამას საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი მოჰყვა. ტრიბუნალმა ინვესტორთა მოთხოვნები უარყო და დაადგინა, რომ სახელმწიფოს მათთვის დაფინანსების მოზიდვაში ხელი არ შეუშლია. 2024 წელს ახალი პროექტისთვის შეირჩა ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი იყო.

თუმცა 2026 წლისთვის, სავალდებულო ძალის მქონე სამშენებლო ხელშეკრულების გაფორმებამდე, ჩინური კონსორციუმი პროექტიდან გავიდა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობით მოქმედი „პორტის მეიჯარის მოდელი“ გამოაცხადა. ამავე დროს, 2026 წლის ბიუჯეტში ანაკლიისთვის გამოყოფილი თანხა მკვეთრად შემცირდა – 150 მილიონიდან 50 მილიონ ლარამდე. მშენებლობა მაინც დაიწყო, მათ შორის, ფსკერის გაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოები.

ამიტომ არსებული სურათის დაყვანა მტკიცებამდე, რომ „საქართველო ანაკლიას არ აშენებს“, არასწორია. აშენებს. უფრო საინტერესო სხვა კითხვაა: აშენდება თუ არა პორტი იმ მასშტაბითა და მართვის იმ მოდელით, რომელიც საქართველოს მართლაც ევროპული სტანდარტის ლოგისტიკურ კარიბჭედ აქცევს? ამ განსხვავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს, ვაშინგტონი და ევროპული ბიზნესი ფოთში ინვესტირებას განაგრძობდნენ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ ფოთის მეორე ნავმისადგომში ინვესტიცია განახორციელა, კომპანია APM Terminals-მა კი საქართველოში საქმიანობის გაფართოება განაგრძო.

ამრიგად, როგორც ჩანს, დასავლეთი სულ უფრო მეტად ანიჭებს უპირატესობას უკვე მოქმედ კომერციულ პორტს და არა პოლიტიკურად ჩახლართულ ანაკლიის პროექტს. ეს სიტუაცია პირდაპირ რუსეთის მიერ კონტროლირებულ სტრატეგიაზე არ მიუთითებს, თუმცა ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხება ქმნის მოწყვლადობას, რომლითაც რუსეთი სარგებლობს.

რუსეთის ქართული ბერკეტები

რუსეთის ყველაზე თვალსაჩინო ბერკეტი შესაძლოა სწორედ ის აღმოჩნდეს, რასაც ბოლო დროს თავად რუსეთი კავშირების განვითარებად წარმოაჩენს. ოკუპირებულ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა წლების განმავლობაში დაკეტილი იყო. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული 2011 წლის შეთანხმება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით მონიტორინგს დაქვემდებარებულ ტრანზიტს ითვალისწინებდა. თუმცა ეს მექანიზმები არასოდეს ამოქმედებულა.

2026 წლის თებერვალში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა საჯაროდ წამოჭრა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კავშირების აღდგენის საკითხი. რუსეთის გაცხადებული მიზანი საქართველოს გავლით უბრალო ტრანზიტს სცდებოდა. ის თურქეთსა და ირანთან, ხმელთაშუა ზღვის პორტებსა და სპარსეთის ყურესთან დაკავშირებას ითვალისწინებდა.

ამ წინადადებას სტრატეგიულად საინტერესოს სწორედ ეს ხდის. თუ აფხაზეთის რკინიგზა ოდესმე აღდგება, ის შექმნის მარშრუტს, რომელმაც შეიძლება საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტრანზიტზე რუსეთის დამოკიდებულება შეამციროს. ამავდროულად, ოკუპირებული ტერიტორია ალტერნატიულ რეგიონულ სატრანსპორტო არტერიად გადაიქცევა. თავად რკინიგზა ამჟამად ცუდ მდგომარეობაშია. მის აღდგენას დიდი ხარჯი და წლები დასჭირდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტრანზიტის პოლიტიკური მხარე კი უკიდურესად ტოქსიკურია და თითქმის გადაულახავ ბარიერს ქმნის.

საავტომობილო გზა კი სულ სხვა საქმეა. აქედან ჩანს, რომ სტრატეგიული ბერკეტის მოსაპოვებლად მოსკოვს მთელი ინფრასტრუქტურული ქსელის აღდგენა სულაც არ სჭირდება. მას შეუძლია, უბრალოდ, ამის შესაძლებლობა შეინარჩუნოს. იგივე ლოგიკა მოქმედებს ზემო ლარსშიც. დარიალის გამშვები პუნქტი რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი მოქმედი ლეგალური სახმელეთო გადასასვლელია. ამავდროულად, ის სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი მთავარი სახმელეთო გზაცაა. 2025 წლის სექტემბერში იქ რამდენიმე ათასი ავტომობილი დაგროვდა, მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრალები ღია იყო. ეს ვიწრო ყელის კლასიკური მაგალითია: ინფრასტრუქტურა არსებობს, მაგრამ გამტარუნარიანობა შეზღუდულია. შეფერხებას კი პოლიტიკური შედეგები შეიძლება სწრაფად მოჰყვეს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვან მაგალითს ენერგეტიკა გვთავაზობს. საქართველო რეგიონში არარუსული ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო ქვეყანაა. ამავე დროს, მისი საკუთარი დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა. 2025 წელს საქართველოში რუსული გაზის მიწოდებამ მკვეთრად იმატა. საქართველოში იმპორტირებული ნედლი ნავთობის შემადგენლობაშიც რუსული ნავთობი დომინანტური გახდა. ელექტროენერგეტიკაში კი რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული „ინტერ რაო“ საქართველოს დედაქალაქის ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემასა და მასთან დაკავშირებულ აქტივებში საკონტროლო წილებს ინარჩუნებს.

სტრატეგიული პარადოქსი მეტად საინტერესოა. საქართველო შეიძლება იყოს დერეფანი, რომლის მეშვეობითაც ევროპა რუსეთზე დამოკიდებულებას ამცირებს, მაშინ როცა თავად საქართველო რუსეთის მიერ კონტროლირებულ ენერგეტიკულ აქტივებზე უფრო დამოკიდებული ხდება.

სტრატეგიული პარადოქსი მეტად საინტერესოა. საქართველო შეიძლება იყოს დერეფანი, რომლის მეშვეობითაც ევროპა რუსეთზე დამოკიდებულებას ამცირებს, მაშინ როცა თავად საქართველო რუსეთის მიერ კონტროლირებულ ენერგეტიკულ აქტივებზე უფრო დამოკიდებული ხდება. სწორედ ასეთი ასიმეტრიული ურთიერთდამოკიდებულება წარმოშობს ვიწრო ყელის კონტროლზე დაფუძნებულ ძალაუფლებას.

საქართველო კარიბჭის მცველის როლში

არსებობს კიდევ ერთი განზომილება, რომელსაც ავტომატურად მოსკოვს ვერ მივაწერთ: კარიბჭის მცველის როლი თავად საქართველომაც შეიძლება შეასრულოს.

ამის თვალსაჩინო მაგალითია 2025 წლის დეკემბრის დავა სომხეთში აზერბაიჯანული საწვავის გადაზიდვაზე. როდესაც სომხეთისთვის განკუთვნილმა აზერბაიჯანულმა საწვავმა ტრანზიტით საქართველო გაიარა, საქართველოს ხელისუფლებამ თავდაპირველად მაღალი სატრანზიტო საფასური მოითხოვა. დავა მას შემდეგ მოგვარდა, რაც აზერბაიჯანმა მიანიშნა, რომ ალტერნატიული გზების განვითარება შეეძლო, მათ შორის, სომხეთთან პირდაპირი კავშირის დამყარება. ამის შემდეგ საქართველომ საფასურს გადახედა. ამ ეპიზოდმა აჩვენა, რომ დერეფანზე მდებარე სახელმწიფოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან რენტის მიღება შეუძლია. მან გვერდის ავლის შესაძლებლობის ძალაც დაგვანახა.

სწორედ ეს არის ფრედერიკ კუპერის „კარიბჭის მცველი სახელმწიფოს“ არსი: პოლიტიკური ძალაუფლება შეიძლება მომდინარეობდეს არა მთელი ეკონომიკის, არამედ შიდა ეკონომიკასა და გარე სამყაროს შორის დამაკავშირებელი რგოლის კონტროლიდან. მოსკოვისთვის ხელსაყრელი შედეგის შესაქმნელად მთავრობას მოსკოვის სახელით მოქმედება სულაც არ სჭირდება, თუმცა შედეგი რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნება.

თუ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წესებით რეგულირებულ, მეტად გამჭვირვალე და კონკურენტულ ლოგისტიკურ სისტემას დერეფანზე საკუთარი შეხედულებისამებრ კონტროლს ამჯობინებს, შედეგად მიღებული ინფრასტრუქტურა შეიძლება რუსეთის გავლენის მიმართ უფრო მოწყვლადი დარჩეს — კრემლის მითითების გარეშეც.

რუსეთის ვიწრო ყელის სტრატეგიაზე საუბრისას, ალბათ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დათქმაა. რუსეთის სტრატეგიასა და საქართველოს შიდა ინტერესებს ერთმანეთის გასაძლიერებლად კოორდინაცია არ სჭირდება. თუ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წესებით რეგულირებულ, მეტად გამჭვირვალე და კონკურენტულ ლოგისტიკურ სისტემას დერეფანზე საკუთარი შეხედულებისამებრ კონტროლს ამჯობინებს, შედეგად მიღებული ინფრასტრუქტურა შეიძლება რუსეთის გავლენის მიმართ უფრო მოწყვლადი დარჩეს — კრემლის მითითების გარეშეც.

ამიტომ არგუმენტი არ უნდა ჩამოყალიბდეს ასე: „მოსკოვი თბილისს აკონტროლებს“. უფრო მყარი არგუმენტი ის არის, რომ მოსკოვისთვის ხელსაყრელია სისტემა, რომელშიც საქართველო შეუცვლელი რჩება, მაგრამ საკმარისად დივერსიფიცირებული არ არის, სტრატეგიულად ორაზროვან პოზიციას ინარჩუნებს და გარე ზეწოლის მიმართ მოწყვლადია.

სომხეთი – სტრატეგიის გამოცდა

თუ საქართველო მთავარი საკვანძო გასასვლელია, სომხეთის მაგალითზე მოწმდება, შეუძლია თუ არა რუსეთს გავლენის შენარჩუნება პოლიტიკური პირველობის დაკარგვის შემდეგ. ათწლეულების განმავლობაში სომხეთის კავშირები მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული რუსეთის მიერ კონტროლირებულ ინფრასტრუქტურასთან.

ამ მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რკინიგზაა. „რუსეთის რკინიგზა“ სომხეთის სარკინიგზო ქსელს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ მეშვეობით მართავს, კონცესიით, რომლის ვადაც 2038 წლამდე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ სომხეთზე გამავალ ნებისმიერ მსხვილ სარკინიგზო დერეფანს საბოლოოდ რუსეთის საოპერაციო კონტროლის საკითხთან შეხება მოუწევს. ეს ეხება „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) სარკინიგზო კომპონენტსაც. TRIPP რეგიონული კავშირების მოდელს ფუნდამენტურად ცვლის. 2020 წლის სამმხრივი განცხადებით აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის სატრანსპორტო კავშირის კონტროლი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებს დაეკისრათ. ამის ნაცვლად, TRIPP-ის ჩარჩო ამერიკულ-სომხურ განვითარების სტრუქტურას ქმნის. ამავე დროს, ის პირდაპირ უნარჩუნებს სომხეთს სუვერენიტეტს ტერიტორიაზე, საბაჟოზე, საზღვრებზე, უსაფრთხოებასა და სამართალდაცვაზე.

2026 წლის მაისის ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით, დაგეგმილი TRIPP-ის განვითარების კომპანიის 74% აშშ-ის მიერ კონტროლირებულ სუბიექტს მიეკუთვნებოდა, 26% კი – სომხეთს. საწყისი ვადა 49 წლით განისაზღვრებოდა, დადგენილი პირობებით კიდევ 50 წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

რუსეთის თავდაპირველი მოდელი დერეფნის ცენტრში რუსეთის უსაფრთხოების უწყებას აყენებდა. ახალი მოდელი კი სომხეთის ტერიტორიაზე ამერიკის მიერ კონტროლირებულ განვითარების კომპანიას განათავსებს და ფორმალურ სუვერენულ უფლებამოსილებას სომხეთს უტოვებს. სწორედ ამიტომ არის TRIPP რუსეთის ვიწრო ყელის სისტემისთვის ასეთი სერიოზული გამოწვევა.

რკინიგზის პრობლემა

თუმცა რუსეთი პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს. სომხეთის რკინიგზის კონცესია ძალაში რჩება. ეს უჩვეულო ინსტიტუციურ წინააღმდეგობას ქმნის. ახალ, დასავლეთის მხარდაჭერით შექმნილ სარკინიგზო დერეფანს შეიძლება დასჭირდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსული კომპანიის მიერ მართულ ქსელშია მოქცეული. ამ კომპანიის კონცესია კი 2038 წლამდე მოქმედებს. ამიტომ TRIPP-ის წარმატება მხოლოდ სომხეთს, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიაზე არ იქნება დამოკიდებული. საჭირო გახდება მემკვიდრეობით მიღებული ინფრასტრუქტურული ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტაც. სწორედ ასე მუშაობს შენარჩუნებულ აქტივზე დაფუძნებული ძალაუფლება. რუსეთს სულაც არ სჭირდება, სომხეთს კავშირების ახალ არქიტექტურაში ჩართვაში ხელი შეუშალოს. მას შეუძლია, უბრალოდ, შეინარჩუნოს არსებული ინფრასტრუქტურის ის ნაწილი, რომელიც ამ ახალ არქიტექტურას სჭირდება.

კიდევ ერთი მაგალითია გაზი. „გაზპრომ არმენია“ კვლავ რუსეთის საკუთრებაშია, სომხეთი კი ისევ ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. გაზი სომხეთამდე ჩრდილოეთ კავკასია–ამიერკავკასიის გაზსადენით აღწევს, რომელიც საქართველოზე გადის. ეს სქემა აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ბერკეტები ერთმანეთისგან იზოლირებული აქტივებისგან არ შედგება. ეს არის დამოკიდებულებათა ქსელი, რომელიც საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს.

ამავდროულად, სომხეთი სასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის კონტროლს ამცირებს. რუსი მესაზღვრეები თანდათან გავიდნენ სომხეთის გამშვები პუნქტებიდან, მათ შორის, ზვართნოცის აეროპორტიდან და სასაზღვრო გადასასვლელებიდან. შედეგად, საინტერესო სტრატეგიულ რბოლას ვხედავთ. სომხეთი რუსეთის კონტროლს იმ ადგილებიდან აშორებს, სადაც სუვერენიტეტი ყველაზე თვალსაჩინოა. ამავე დროს, ის რუსეთის კონტროლს უპირისპირდება იმ ინფრასტრუქტურაზე, სადაც სუვერენიტეტი ნაკლებად ჩანს, მაგრამ ეკონომიკისთვის არსებითია.

რუსეთი გავლენის შენარჩუნებას პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტებითაც ცდილობდა. სამველ კარაპეტიანისა და ოპოზიციური ძალების გარშემო 2025-2026 წლებში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს რუსეთთან დაკავშირებული ეკონომიკური ქსელები სომხეთის პოლიტიკაში.

2026 წლის ივნისის არჩევნების პერიოდში რუსეთის მიერ სომხურ სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა აჩვენა, რომ მოსკოვს ეკონომიკური ზიანის მიყენების შესაძლებლობა კვლავ აქვს. თითქმის ორი ათწლეულის წინ რუსეთი იმავე პოლიტიკის გატარებას საქართველოსთან მიმართებითაც ცდილობდა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ ქართული პროდუქცია „მოხმარებისთვის სახიფათოდ“ გამოაცხადა.

სომხეთის მთავრობისთვის არჩევანის შესაზღუდად რუსეთს ყოველთვის არ სჭირდება, სომხური პოლიტიკის შედეგი თავად განსაზღვროს. ეს ვიწრო ყელის კონტროლზე დაფუძნებული ძალაუფლების კიდევ ერთი ფორმაა.

სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება პოლიტიკურ გავლენასა და პოლიტიკურ კონტროლს შორის. სომხეთის მთავრობისთვის არჩევანის შესაზღუდად რუსეთს ყოველთვის არ სჭირდება, სომხური პოლიტიკის შედეგი თავად განსაზღვროს. ეს ვიწრო ყელის კონტროლზე დაფუძნებული ძალაუფლების კიდევ ერთი ფორმაა.

აზერბაიჯანი – გამოტოვებული რგოლი

აზერბაიჯანი რუსეთის ვიწრო ყელის სტრატეგიის შეზღუდულობას აჩვენებს. მოსკოვი აზერბაიჯანში გარკვეულ გავლენას ინარჩუნებს, თუმცა ბაქო თანდათან აფართოებდა და ამრავალფეროვნებდა თავის სტრატეგიულ და ეკონომიკურ კავშირებს.

აზერბაიჯანს ხელი მიუწვდება ირანზე გამავალ ალტერნატიულ მარშრუტებზე. ის ინარჩუნებს ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო კავშირს და დასავლეთის მიმართულებით მსხვილ ენერგეტიკულ კავშირებს TANAP-ისა და TAP-ის მეშვეობით უზრუნველყოფს. შედეგად, რუსეთს ნაკლები პირდაპირი შესაძლებლობა აქვს, თავად აზერბაიჯანი სატრანსპორტო მძევლად აქციოს. ნახიჭევანის გავლით ვაჭრობის გახსნის შესაძლებლობა ბაქოს პოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს.

ამიტომ ზეწოლა უფრო სუსტ რგოლებზე გადადის. ეს რგოლები, უპირველესად, საქართველო და სომხეთია, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აზერბაიჯანის დამორჩილება საჭირო აღარ არის, თუ მისი დერეფნების შეზღუდვა სხვაგანაც შეიძლება.

უფრო ფართო სურათი

სამწუხაროდ, საქართველო და სომხეთი გამონაკლისი არ არის. მოლდოვაში, დნესტრისპირეთში მდებარე კუჩურგანის ელექტროსადგური აჩვენებს, როგორ შეიძლება რუსეთის კონტროლქვეშ შენარჩუნებული ენერგეტიკული აქტივი სტრატეგიული დამოკიდებულების წყაროდ იქცეს. მოგვიანებით აშენებული ვულკანეშტი–კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი კი საპირისპირო სტრატეგიას წარმოაჩენს: შექმნა ალტერნატივები, ნაცვლად იმისა, რომ საკვანძო გასასვლელის მაკონტროლებელთან დაუსრულებლად აწარმოო მოლაპარაკება.

ბელარუსი, თავის მხრივ, „დამოკიდებული აქტორის“ მოდელს გვიჩვენებს. მიგრაციულმა ნაკადებმა, საზღვრების ჩაკეტვამ და საჰაერო მიმოსვლის შეფერხებამ შეიძლება შედარებით მცირე დანახარჯით მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს. თუმცა ბელარუსის შემთხვევა დასავლეთის შეცდომასაც აჩვენებს: ზოგჯერ საკვანძო გასასვლელი გაუქმების ნაცვლად უბრალოდ სხვაგან გადაინაცვლებს. როდესაც ლიეტუვამ კლაიპედის გავლით ბელარუსული კალიუმის სასუქების ტრანზიტი შეწყვიტა, ვაჭრობა არ გამქრალა. მისი დიდი ნაწილი რუსეთის პორტებისკენ გადამისამართდა. მიუხედავად ამისა, მოსკოვსა და მინსკს კლაიპედის გავლით ვაჭრობის განახლება ძალიან სურთ. ლუკაშენკა სიამოვნებით გაათავისუფლებდა პოლიტპატიმართა კიდევ ერთ ჯგუფს, თუკი ვილნიუსი ტრანზიტის აღდგენაზე დათანხმდებოდა.

შენარჩუნებული აქტივის კიდევ ერთი მაგალითია სერბეთი. სერბეთის NIS-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის „გაზპრომისა“ და „გაზპრომ ნეფტის“ საკუთრებაში ყოფნამ შექმნა ვითარება, როდესაც რუსი აქციონერების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სერბეთისთვის საწვავით უსაფრთხო მომარაგების პრობლემად იქცა. რუსეთს ქარხნის ფიზიკურად გაჩერება არ სჭირდებოდა. მოწყვლადობას თავად საკუთრების ფაქტი ქმნიდა.

ყველაზე ნათელ ინფრასტრუქტურულ მაგალითს, შესაძლოა, ყაზახეთი და კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC) გვთავაზობდეს. CPC-ს ყაზახეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის უდიდესი ნაწილი გადააქვს. ამავდროულად, რუსი აქტორები კონსორციუმში მნიშვნელოვან საკუთრების წილს ფლობენ და დირექტორთა საბჭოშიც გავლენით სარგებლობენ. როდესაც 2025 წელს რუსეთის მარეგულირებელი უწყებები CPC-ის საზღვაო ტერმინალების საქმიანობაში ჩაერივნენ, თავად მილსადენის გაჩერება საჭირო არ გამხდარა. სწორედ ეს არის რეგულირებით შექმნილი საკვანძო გასასვლელის ძალაუფლების არსი.

სტრატეგიის საზღვრები

რუსეთის ვიწრო ყელის სტრატეგია ძლიერია, მაგრამ უსაზღვრო არ არის. მის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ალტერნატიული მარშრუტების შექმნაა. ეს ბალტიის ქვეყნებმა 2025 წელს კონტინენტური ევროპის ელექტროსისტემასთან სინქრონიზაციით აჩვენეს. მრავალწლიანმა ინვესტიციებმა მემკვიდრეობით მიღებული დამოკიდებულება დივერსიფიცირებულ ქსელად გარდაქმნა. მსგავს მიზანს ემსახურება მოლდოვის ახალი ელექტროკავშირიც.

კიდევ ერთი შესაძლო მაგალითია TRIPP. ახალი დერეფნის მიზანი მხოლოდ ტვირთების უფრო სწრაფად გადაზიდვა არ არის. ის რუსეთის კონტროლქვეშ არსებული ქსელის შეუცვლელობას უნდა ამცირებდეს. სწორედ ამიტომ იქცა ინფრასტრუქტურული კონკურენცია გეოპოლიტიკური კონკურენციის ფორმად. დაპირისპირება უკვე მხოლოდ რუსეთსა და დასავლეთს შორის ტერიტორიებისთვის აღარ მიმდინარეობს – ეს ქსელებს შორის შეჯიბრია.

საქართველოს გადამწყვეტი როლი

ამ მსჯელობას კვლავ საქართველოსთან მივყავართ. საქართველო სამხრეთ კავკასიის უბრალოდ კიდევ ერთი სახელმწიფო არ არის, რომელიც მეტოქე გეოპოლიტიკურ ძალებს შორის აღმოჩნდა. ის თავად არის ინფრასტრუქტურა. გეოგრაფია მას დერეფნად აქცევს, პორტები – საზღვაო კარიბჭედ, რკინიგზა – ხიდად, გზები – სახმელეთო კავშირად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კი – სატრანზიტო სახელმწიფოდ. მისი პოლიტიკური არჩევანი განსაზღვრავს, ჩაერთვება თუ არა ეს აქტივები უფრო ფართო, წესებზე დაფუძნებულ ქსელში, თუ კვლავ დამოკიდებული დარჩება საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედ ეროვნულ და რეგიონულ კარიბჭის მცველებზე.

საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მხოლოდ დემოკრატიისა და პოლიტიკური პირობითობის ტრადიციული ცნებებით ვერ განიხილება. ამ ურთიერთობას ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების განზომილებაც აქვს. 

სწორედ ამიტომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მხოლოდ დემოკრატიისა და პოლიტიკური პირობითობის ტრადიციული ცნებებით ვერ განიხილება. ამ ურთიერთობას ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების განზომილებაც აქვს. თუ დასავლეთის სტრატეგია საქართველოს მიატოვებს და, ამავე დროს, ალტერნატიულ მარშრუტებს არ შექმნის, მან შეიძლება კავშირების სწორედ ის არქიტექტურა შეასუსტოს, რომლის დაცვასაც ცდილობს. საპირისპიროდ, სტრატეგია, რომელიც მმართველობის საკითხს უგულებელყოფს იმის გამო, რომ საქართველო გეოგრაფიულად შეუცვლელია, რისკავს, უმნიშვნელოვანესი დერეფანი თვითნებური პოლიტიკური კონტროლის მიმართ მოწყვლადი დატოვოს.

ამოცანა ის არის, რომ დერეფნის მედეგობა რომელიმე ერთი მთავრობის პოლიტიკაზე არ იყოს დამოკიდებული. ეს ნიშნავს ინვესტირებას პორტებში, რკინიგზაში, ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკულ კავშირებსა და საბაჟოს მოდერნიზაციაში. ეს ნიშნავს კონკურენტი მარშრუტების შექმნას თავად საქართველოს შიგნით. ეს ნიშნავს საქართველოს დაკავშირებას ევროპის რეგულირების სისტემებთან და იმის უზრუნველყოფას, რომ დასავლეთის მიერ ინფრასტრუქტურის დაფინანსება მხოლოდ განცხადებად არ დარჩეს და თანხები რეალურადაც გაიცეს. რაც მთავარია, ეს ნიშნავს საკვანძო ყელის სტრატეგიული ღირებულების შემცირებას.

რუსეთის ვიწრო ყელის სტრატეგიასთან დაპირისპირების საუკეთესო გზა ის არის, რომ ვიწრო ყელად ქცეული ქვეყნის მმართველი პარტია თუ რეჟიმი მოსკოვზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული. მოლდოვისა და სომხეთის მაგალითები აჩვენებს, რომ პრორუსული ძალების დამარცხებასთან ერთად, რუსეთის გავლენის ბერკეტები შესუსტდა, მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო გასასვლელების ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ უცვლელად არსებობს და მოსკოვის კონტროლქვეშაა.

საკვანძო გასასვლელებიდან მედეგობამდე

ამრიგად, რუსეთის სტრატეგიის მთავარი გაკვეთილი პარადოქსულია. მიზანი რუსეთისთვის ყოველგვარი გავლენის წართმევა არ უნდა იყოს – ეს არარეალისტურია. მიზანი ის უნდა იყოს, რომ რუსეთის გავლენას ნაკლები შედეგი მოჰყვებოდეს.

ამის მიღწევა მედეგობის გაზრდის ორი პარალელური გზით შეიძლება. პირველი ალტერნატივების შექმნაა; მეორე – იმ რეჟიმების დასუსტება, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან და ვიწრო გასასვლელებზე მის გავლენას ზრდიან.

მედეგია სისტემა, რომელშიც ერთი რკინიგზის დაკეტვა, ერთი პორტის დაკარგვა, ერთი მილსადენის გაჩერება ან ერთი ინვესტორის გასვლა სტრატეგიულ პროექტს ვერ კლავს. ამას ალტერნატივები სჭირდება. საჭიროა იმის გაცნობიერებაც, რომ ინფრასტრუქტურა მხოლოდ ფიზიკური აღარ არის. პორტები, მილსადენები და რკინიგზა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ციფრულ სისტემებზე, ფინანსურ ქსელებზე, სატელიტურ პოზიციონირებაზე, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებსა და ხელოვნური ინტელექტით მართულ ლოგისტიკაზე.

ამიტომ ხვალინდელი საკვანძო გასასვლელი შეიძლება იყოს როგორც მთის უღელტეხილი, ისე ალგორითმი, მონაცემთა ცენტრი, ციფრული იდენტობის სისტემა ან პროგრამული პლატფორმა.

მედეგობის მეორე კომპონენტია იმ ხელისუფლების ხასიათი, რომელიც ქვეყანას მართავს. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც მთავრობამ შეგნებულად აირჩია რუსეთის ინტერესების სამსახური, პრიორიტეტი გავლენის ბერკეტების გამოყენება უნდა იყოს. მათი მეშვეობით ავტორიტარული პრაქტიკა უნდა შესუსტდეს, დემოკრატიულ პროდასავლურ ძალებს კი თანაბარი კონკურენციის პირობები შეექმნათ. მოლდოვასა და სომხეთში ხელისუფლებაში მყოფმა პროდასავლურმა პარტიებმა, ბრიუსელის, ვაშინგტონისა და დასავლური ინსტიტუტების მხარდაჭერით, რუსეთის ვიწრო ყელის ინსტრუმენტები შეასუსტეს. საქართველოში იგივე მხარდაჭერა უნდა მიიღონ იმ დემოკრატიულმა ძალებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდებიან.

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გამოცდილება გვაძლევს გაკვეთილს, რომლის მნიშვნელობაც რუსეთის ფარგლებს ბევრად სცდება. ძალაუფლება სულ უფრო მეტად ეკუთვნის არა მხოლოდ მათ, ვინც ტერიტორიას აკონტროლებს, არამედ მათაც, ვინც აკონტროლებს წერტილებს, რომლებზეც სხვების სისტემებმა აუცილებლად უნდა გაიაროს. 

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გამოცდილება გვაძლევს გაკვეთილს, რომლის მნიშვნელობაც რუსეთის ფარგლებს ბევრად სცდება. ძალაუფლება სულ უფრო მეტად ეკუთვნის არა მხოლოდ მათ, ვინც ტერიტორიას აკონტროლებს, არამედ მათაც, ვინც აკონტროლებს წერტილებს, რომლებზეც სხვების სისტემებმა აუცილებლად უნდა გაიაროს. ამიტომ სტრატეგიული პასუხი კავშირების გაუქმება კი არა, მათი გამრავლება და გამრავალფეროვნებაა.

რუსეთის ვიწრო ყელის სტრატეგია, საბოლოოდ, არჩევანის შესაძლებლობების შენარჩუნების სტრატეგიაა. რუსეთს სჭირდება გავლენა იმ მთავრობაზე ან ინსტიტუტზე, რომელიც ყველაზე ვიწრო წერტილს აკონტროლებს. კავშირების მთლიანად შეწყვეტა კი არ სჭირდება. მისთვის საკმარისია, ალტერნატივები იმდენად ძვირი, გაურკვეველი ან პოლიტიკურად მოწყვლადი დარჩეს, რომ ძველი სისტემა სინამდვილეში არასოდეს გაქრეს.

შედეგი გავლენას მოახდენს იმაზე, დარჩება თუ არა სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მოწყვლადი დერეფნების ერთობლიობად, თუ იქცევა ერთმანეთთან დაკავშირებულ რეგიონად, რომელსაც რეალური შემცვლელი მარშრუტები ექნება. ასეთ რეგიონში ვერცერთი სახელმწიფო გეოგრაფიას ვეტოს ინსტრუმენტად ვეღარ გადააქცევს.